16:50:33     22-01-2013
რატომ სურს 'ქართულ ოცნებას' ტერმინ ოკუპაციის ევროსაბჭოს რეზოლუციიდან ამოღება?

ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2’’-ის ინფორმაციით, ევროსაბჭომ შესაძლოა შეარბილოს რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ რეზოლუციის ტექსტი. ტექსტის პროექტზე ქართული, რუსული დელეგაციების და საბჭოს სხვა წარმომადგენლები ჯერ კიდევ მუშაობენ.
დოკუმენტის შინაარსის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა ქართულ დელეგაციაში. ``ნაციონალური მოძრაობის`` წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია რამდენიმე ტერმინის, მათ შორის ``ოკუპაციის`` შენარჩუნება მოხსენებაში, ``ქართული ოცნების`` წარმომადგენლების აზრით კი ტერმინებით ზეწოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.
``საქმე ეხება რეზოლუციის საერთო კონტექსტს და რაც უფრო მალე გამოვალთ იმ მითიდან, რომ მთავარი ტერმინებია და არა შინაარსი, უფრო სწრაფად დავდგებით განვითარების გზაზე. წლიდან წლამდე რეზოლუციები ფუჭდებოდა - პირველი რეზოლუცია იყო ძალიან კარგი და მერე სულ უფრო და უფრო არასასურველი ხდებოდა ჩვენთვის. ის ტექსტი, რომელიც ახლა არის შეტანილი მომხსენებლის მიერ, არ არის საუკეთესო, თუმცა არც იქ არის რამე ტრაგიკული. ჩვენ ჩამოვიტანეთ რეინტეგრაციის სამიმინისტროს მიერ მომზადებული პროექტი და ეს ორი დღეა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რმო ეს ცვლილებები რეზოლუციაში აისახოს,`` - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი კი ამ მიდგომას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამ ტერმინების მიღმა არის შინაარსი, რაც გულისხმობს ნახევარ მილიონამდე დევნილ ადამიანს და ოკუპირებულ ტერიტორიებს.
შეგახსნებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გასული წლის ოქტომბერში, რუსეთთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეზოლუცია მიიღო. მოსკოვში ეს რეზოლუცია შეაფასეს, როგორც 16 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეზოლუცია, მას კრემლმა „ანტირუსულიც“ კი უწოდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოქტომბერში კიდევ ერთხელ მოსთხოვა რუსეთს თავისი ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან და დნესტრიპირეთიდან, ასევე მოსთხოვა სქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას პრივილეგირებულ ინტერესთა ზონებზე, დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული პასპორტიზაციაც. ასევე, რუსეთს მოსთხოვეს, ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას ოკუპირებულ რეგიონებში და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.
0